თვითრეგულირებადი სწავლა ნიშნავს, სწავლის პროცესში, საკუთარი აზრების, გრძნობების, ქცევის თვითორგანიზებას განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. ეს არის საკუთარი
სასწავლო საქმიანობის დაგეგმვის,
შეფასების, მონიტორინგისა და კონტროლის პროცესი
მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევის მიზნით.
მოსწავლეები,
რომლებიც თვირეგულირებადი სწავლისათვის საჭირო უნარებს ფლობენ
ყურადღებიანები, მიზანდასახულები,
თვითდისციპლინასა
და თვითკონტროლზე ორიენტირებულნი არიან და დამოუკიდებლობის
მაღალი ხარისხი
გააჩნიათ. ისინი თავდაჯერებულად გრძნობენ თავს, შეუძლიათ წარმატებით
გაართვან თავი დაკისრებულ მოვალეობებს,
დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ სირთულეებს, დაძლიონ სტრესული ფაქტორები და მშვიდად და
მიზანმიმართულად განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. თვითრეგულირებადი ქცევის მქონე მოსწავლეები გულმოდგინედ აანალიზებენ
თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებს,
კრიტიკულად ეკიდებიან
დავალების მოთხოვნებს, იყენებენ პრობლემის გადაჭრის მრავალფეროვან სტრატეგიებს, გონივრულად განკარგავენ დროსა და რესურსებს, აჯილდოებენ
საკუთარ თავს წარმატებისათვის. ერთი
სიტყვით, ისინი აქტიურები, მიზანსწრაფულები და
თვითკრიტიკულები არიან.
ხშირად თვითრეგულაციას
მეტაკოგნიციასთან
აიგივებენ. მართალია, მათ შორის ბევრია
საერთო, თუმცა არსებითი განსხვავებები არის . მეტაკოგნიცია გულისხმობს
საკუთარი სააზროვნო პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეების
ცოდნას , რაც შეეხება თვითრეგულაციას
ეს არის საკუთარი შემეცნებითი
პროცესის და მასთან დაკავშირებული
ფუნქციების მართვა.
მკვლევარები გამოყოფენ ხუთ ძირითად
ფსიქო-ფიზიკურ მახასიათებელს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თვითრეგულირებადი
ქცევების ჩამოყალიბებაში:
- ბიოლოგიური: დაკავშირებულია ადამიანის ნერვულ სისტემასთან (ფიზიკური ჯანმრთელობა , ენერგიულობა, სიმშვიდისა და კონცენტრირების შენარჩუნების უნარი გამაღიზიანებლების ფონზე, ფიზიკური აქტიურობა და სხვა)
- ემოციური: დაკავშირებულია დადებით და უარყოფით გრძნობებთან ( მაგ. ემოციური სტაბილურობა- სულიერი ძალების აღდგენის უნარი რთული სიტუაციების შემდეგ, ღირსების გრძნობა, საკუთარი ძალების, წარმატების რწმენა და სხვა)
- კოგნიტური: მოიცავს ფსიქოლოგიურ პროცესებს, რომელიც ადამიანს ინფორმაციის აღქმისა და დამუშავებისათვის სჭირდება: აღქმა, ყურადღება , ინფორმაციის მოპოვება და შენახვა, პრობლემის გადაწყვეტა (კონკრეტულ საკითხზე ფოკუსირების უნარი, ნაბიჯების გადადგმა მიზნების შესაბამისად , პირველადი გეგმის შეცვლა, როდესაც ამის აუცილებლობაა, თვითეფექტურობის შეფასება, საკუთარი შემეცნებითი პროცესის ძლიერი და სუტი მხარების ანალიზი )
- სოციალური: ეს არის ბავშვის უნარი სწორად აღიქვას სოციალური სიგნალი და მის შესაბამისად იმოქმედოს (საკუთარ გრძნობებსა და ზრახვებში გარკვევა, სხვისი გრძნობებისა და განზრახვის სწორად აღქმა და შესაბამისი რეაგირება, როგორც ვერბალური ასე არავერბალური ფორმით; ეფექტური კომუნიკაცია და ა. შ.)
- პროსოციალური: ასახავს ადამიანის უნარს ჰქონდეს ურთიერთობა სხვა ადამიანებთან და მიაღწიოს ამ მიმართულებით დადებით შედეგს, შექმნას სოციალური კავშირები და განამტკიცოს ის ( მეგობრობისა და თანაცხოვრების უნარი, სხვისი დახმარების უნარი , კეთილსინდისიერების გრძნობა, სხვა ადამიანის გრძნობებისა და მოთხოვნილებებისათვის ანგარიშის გაწევა, ემოციებთან გამკლავებაში დახმარება და სხვა).
თვითრეგულაციის უნარების
განვითარება მოსწავლეებში არ არის მარტივი
საქმე. სასურველია მისი ჩამოყალიბება სკოლამდელ
ასაკში დაიწყოს. თუკი მოსწავლე სკოლაში
თვითრეგულაციის სუსტი უნარებით მოვიდა, ადრეული ასაკიდანვე ჩარევა და სწავლება აუცილებელია.
ასეთი მოსწავლეები მალე ხდებიან თავდაჯერებულები
და პროდუქტიულები, სხვა შემთხვევაში მათი
პროგრესი დაბალია და თვალსაჩინო სიძნელეებს
განიცდიან. საჭიროა მუდმივი მზაობა პედაგოგის მხრიდან - დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი სააზროვნო პროცესების მართვაში. თვითრეგულირებადი სწავლის უნარების განვითრებაში დიდ როლს თამაშობს
მეტაკოგნიტური უნარების ფლობა. პედაგოგი
უნდა დარწმუნდეს, რომ მოსწავლეები ფლობენ
მეტაკოგნიტურ სტარტეგიებს და შეუძლიათ მათი
გამოყენება.
სტრატეგიები , რომლებიც მოსწავლეებს
სწავლის პროცესის თვითრეგულაციაში დაეხმარებათ, შეიძლება შემდეგი სახით წარმოვადგინოთ:
მიზნების დასახვა
- დაავალეთ მოსაწავლეებს დასახონ გრძელვადიანი მიზნები (შეიძლება მოიცავდეს მთელ სასწავლო წელს, განსაზღვრული იქნება საქმიანობის საბოლოო შედეგი) , მოკლევადიანი მიზნები ( დაკავშირებული ყოველკვირეულ საქმიანობასათან, ვთქვათ პროექტები ) და ასევე ყოველდღიური მიზნები (უნდა ასახავდეს ყოველდღიურ საქმიანობას, ვთქვათ საშინაო დავალებები, მათსთან დაკავშირებული ამოცანები).
- დაეხმარეთ მოსწავლეებს მიზნების ჩამოყალიბებაში, მათ დახვეწაში, დაზუსტებაში (ჩამოწერონ ფურცელზე), შეაფასონ ისინი, შეიმუშავონ სტარტეგიები და მეთოდები მათ მისაღწევად, დააჯილდოვონ საკუთარი თავი წარმატების მიღწევისათვის
- მიეცით მოსწავლეებს რჩევები , რათა მიღწევადი მიზნების დასახვა შეძლონ. დაისახონ მიზანი ყოველი სასწავლო აქტივობის დროს, ყურადღება მიაქციეთ რამდენად შესრულებადი და მოქნილია ისინი.
- დაავალეთ მოსწავლებს გრძელვადიანი მიზნების მოკლევადიან მიზნებად დაშლა. მათი შესრულებით ისინი ეტაპობრივად მიაღწევენ გრძელვადიან მიზანს. ეს მათ გაუმარტივებს სწავლის პროცესს და გაზრდის მოტივაციას.
- ასწავლეთ მოსწავლეებს საკუთარი მიზნების კორექტირება, საკუთარი ძალისა და შესაძლებლობების, ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით. დაეხმარეთ მათ, გაარკვიონ როგორი უნდა იყოს მათი მიზნების შესრულების ტემპი, რათა უკეთ შეძლონ შედეგზე გასვლა.
- დაეხმარეთ მოსწავლეებს საკუთარი მიზნების ინდივიდუალიზაციაში, მაქსიმალურად გაითვალისწინეთ მათი შესაძლებლობანი და მისწრაფებები.
მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ დაკვირვება საკუთარ სააზროვნო პროცესებზე. დავეხმაროთ, რომ კოგნიტური შესაძლებლობი დასახულ მიზნებს შეუსაბამონ.
- შესთავაზეთ მოსწავლეებს აწარმოონ დღიური საკუთარი მეტაკოგნიტური პროცესების შესახებ . ეს მათში აამაღლებს ადეკვატური თვითშეფასების უნარს და უფრო მოტივირებულებს გახდით.
- მიეცით შეკითხვის მაგალითები თვითრეფლექსიისათვის: „რა გავაკეთე დღეს კარგად?“. „ როდის მივდიოდი არასწორი გზით?“ „რა მოხდა , როცა ეს გავაკეთე?“. „ რა უნდა გავაკეთო მომავალში, როდესაც კვლავ არასწორი მიმართულებით წავალ“?
- ყურადღება მიაქციეთ კავშირს სტრატეგიების გამოყენებასა და შედეგებს შორის, რამდენად დაგეხმარათ ეს სტრატეგიები კონკრეტული მიზნის მიღწევაში. მოუწოდეთ მოსწავლეებს, გაკეთონ თავიანთ მიერ გამოყენებული სტრატეგიების შეფასება: „გამოვიყენებ ისევ იგივე სტრატეგიას?”, “რა არის შესაცვლელი?”, “რა იყო ეფექტური?“
- სასურველი კარგი იქნება თუ მოსწავლეები პორტფოლიოს შექმნიან და თავს მოუყრიან მეტი თუ ნაკლები წარმატებით შესრულებულ სამუშაოს. შეიძლება დავუსვათ კითხვები: „ეს შენი კარგი ნამუშევარია?’ „რა მიზნები დაისახე?“ „ რა პრობლემებს გადააწყდი?“ „როგორ გადაწყვიტე ისინი?“ „ რა განასხვავებს შენს ყველაზე საუკეთესო ნამუშევარს ყველაზე ცუდი ნამუშევრისაგან?“
- მოუყვანეთ მოსწავლეებს კონკრეტული მაგალითები სასწავლო პრაქტიკიდან. რა მიზნები იყო დასახული, როგორი შედეგი დადგა , რა სტრატეგიები იქნა გამოყენებული. ყურადღება გაამახვილეთ გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობაზე. შემდეგ კი, ანალოგიურად დააკვირდეს საკუთარ სასწავლო პრაქტიკას.
- დაავალეთ მოსწავლეებს ერთმანეთს გაუზიარონ ის სტრატეგიები და სასწავლო მეთოდები, რომლებიც წარმატებით გამოსცადეს პრაქტიკაში.
თვითკონტროლი:
ნებისმიერი სამუშაო საჭიროებს მონიტორინგს, მოსწავლეებს უნდა განვუვითაროთ თვითკონტროლის
უნარი. მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება ნებისმიერი ამოცანისათვის შეიძლება; სწორედ ამ გზით უნდა
შეფასდეს, ამოცანის რა ნაწილია შესრულებული
და რა უნდა გავითვალისწინოთ
არსებული პრობლემების გადასალახად.
- საშუალება მიეცით მარტივი დიაგრამებით, ცხრილებით, გრაფიკებით ვიზუალურად გამოსახონ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები, რათა თვალია ადევნონ საკუთარ პროგრესს და წარმოდგენა შეექმნათ თავიანთ მარცხსა და წარმატებაზე.
- დაავალეთ მოსწავლეებს, გააკეთონ შუალედური ანალიზი, როდესაც სწავლობენ ან დავალებას ასრულებენ. მაგალითად, შეაჯამონ ყოველი გვერდი კითხვის დროს ან გაიაზრონ ყოველი ნაბიჯი მათემატიკაში.
- ვასწავლოთ სამუშაოს პროცესის დაგეგმვისა და დროის კონტროლი. მიეცით კონკრეტული მითითებები: „შემდგომი 30 წუთის დაგეგმვა თქვენ დაგეხმარებათ... ყოველ ხუთ წუთში გაჩერდით და შეამოწმეთ მუშაობს თუ არა თქვენი გეგმა“
- ხელი შეუწყვეტ მოსწავლეებს განახორციელონ საკუთარი სწავლების ხარისხის კონტროლი. საკუთარ თავს დაუსვან საკონტროლო შეკითხვები: “სწორად გავიგე ძირითადი იდეა?” “ ხომ არ მჭირდება დახმარება?”, “დავუთმო თუ არა დამატებითი დრო?”
- თხოვეთ მოსწავლეებს, დააკვირდნენ საკუთარ თავს, პრაქტიკული სამუშაოს დროს გაიაზრონ, რა ნაწილი გააკეთეს იოლად , რისი გაკეთება გაუჭირდათ, სად იყო საჭირო სხვისი დახმარება.
- სამუშაოს დასრულების შემდეგ, მიეცით მოსწავლეებს თვითკონტროლის შესაძლებლობა, მაგალითად განსაზღვრული დრო რომ საკუთარ წერილობით ნაშრომს გადახედონ და კორექტირება გაუკეთონ.
- თვითრეგულაციის სტრეტეგიების დანერგვის პროცესში მკვლევარები შემდგომი ისინი შემდგომი რეკომენდაციების გათვალისწინებას გვირჩევენ:
- თვითრეგულაციის სტრატეგიები უნდა შევუსაბამოთ კონკრეტული საგნის მოთხოვნებს.
- მოსწავლეებს ხშირად უნდა ვთხოვოთ, რომ გაიმეორონ ეს სტრატეგიები მათი გამოყენების წინ.
- მოსწაველეები უნდა ვუზრუნველყოთ ფურცლებით, სტიკერებით, რომლებიც მოაგონებენ მათ ინსტრუქციებს, ჩამოწერილი იქნება შეკითხვები, რომელიც შეახსენებთ , რამდენად შეასრულეს დავალება ან რა ეტაპზე არიან ისინი.
- ვთხოვოთ მოსწავლეებს, თავად დაარეგულირონ ფიზიკური გარემო, ვიდრე არ შეიქმნება სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო კომფორტული პირობები.
- სიტყვიერად მოაგონეთ, როგორ აღწევენ ისინი წარმატებას თვითრეგულაციის სტრატეგიების გამოყენების პროცესში.
დავით ჩივაძე
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ- მასწავლებელი
მასალები:
Комментариев нет:
Отправить комментарий