დავით ჩივაძე
„ფშავი. შუაფხო. ფრაგმენტები“
შუაფხო (მარიამ ხუცურაულის ფოტო) |
-„თვალი ისევ ფანჯრისაკენ გაგექცა?!“
-„მასწავლებელო, ხედავთ იმ ფრინველს, მთის ფერდობს რომ
დასტრიალებს? რატომ დაფრინავს?! რა ჩემი ბრალია,
რომ დაფრინავს?!“
მოსწავლის პასუხმა გამაკვირვა, თუმცა, საუცხოო ბუნების შემყურეს, ძნელია რომ თვალი ამ სილამაზისაკენ არ გაგექცეს.
შუაფხო, ისტორიული ფხოვის ცენტრი („შუა ფხოვი“), ახლა ფშავის ერთი პატარა სოფელია, რომელიც მდინარე არაგვის
ორივე მხარესაა გაშენებული. მთის მოუსვენარ მდინარეს მრავალჯერ უცვლია კალაპოტი. მოსახლეობის
ნაწილი სწორედ მის ნაკალაპოტარზე სახლობს. გაზაფხულზე, ადიდებული არაგვი ბორგავს
და კვლავ თავისი ძველი სამფლობელოსაკენ იწევს. სოფელს თავს იახსრის უძველესი სალოცავი დაჰყურებს,
რომელიც თავის მფარველობას არ
აკლებს ხატის ყმებს. მთელი ფშავი დაწყებული
ჟინვალის წყალსაცავიდან, ვიდრე ბორბალოს მთამდე,
ერთი ვიწრო ხეობაა, რომელსაც ორთავე მხარეს მხარეს დარაჯად უდგანან ბუმბერაზი მთები. ფშაველთა
უმეტესობა, ძველად, მთის ფერდობებზე სახლობდა.
შემდეგ უგზობამ, კომუნიკაციის სირთულემ,
მთის ცხოვრების სიმძიმემ, აიძულა ისინი
ხეობის
ძირზე ჩამოსახლებულიყვნენ, დიდი ნაწილი კი ბარში გადაიხვეწა. მახსოვს, როცა პირველად მოვედი ნახევრად დაცლილ ხეობაში, მეც
ერთგვარი სიცარიელის შეგრძნება დამეუფლა: „აქ რა უნდა ხდებოდეს?!“ , „რა შეიძლება ვაკეთო?!“,
თუმცა აქ გატარებული ორი წლის განმავლობაში მივხვდი, რომ არასწორად ვფიქრობდი. ამბობენ, კარგი წიგნი ორჯერ მაინც უნდა წაიკითხო,
რომ მისი შინაარსის წვდომა შეძლოო; ფშავიც
საინტერესო წიგნს ჰგავს, ბევრჯერ უნდა წაიკითხო, დიდი დრო უნდა დაუთმო, რომ მის არს
ჩაწვდე, შეგიყვარდეს და თვითონაც შეგითვისოს.
* * *
შუაფხოს სკოლის შენობა, საბჭოთა პერიოდში, ადმინისტრაციული დანიშნულებით შენდებოდა, თუმცა ჯერ კიდევ იმავე ეპოქაში, დასრულებულმა ნაგებობამ
სულ სხვა ფუნქცია შეიძინა და სოფლის საგანმანათლებლო დაწესებულებამ აქ გადმოინაცვლა. ორსართულიანი, კაპიტალური ნაგებობა
ურიგოდ არ გამოიყურება და დღეს შუაფხოს თემის
კულტურული ცხოვრების ძირითადი ცენტრია. ცხრაკლასიან
სკოლაში სულ თექვსმეტი ბავშვი სწავლობს. სკოლის
დირექტორი ირმა ცქიფაშვილი რვა მცირეწლოვან შვილსაც ზრდის და პედაგოგიურ კოლექტივსაც ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობის ნახევარი ადგლობრივი არ არის. აქედან ოთხი პროექტ
„ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეა: თეა გაბრიაძე, ნესტან ხორხომელიძე, ვალიდა ბაგაური
და მე.
-„როგორი მასწავლებელია? ზედმატად მკაცრი ხომ არ არის ?!“-ბავშვების მორიდებული ცნობისმოყვარეობა ჩემს სმენასაც მიწვდა. არა, მკაცრი
არა ვარ. მალევე დავმეგობრდით. ლამაზი, ცოცხალი ბავშვები არიან, ბუნებრივად მომადლებული
ნიჭით, მკაფიო, დახვეწილი ქართულით მეტყველებენ, დინჯად და აუჩქარებლად, როგორც ყველა
ფშაველი. უფრო მეტიც, ხშირად მე თავადაც მისწორებენ შემოპარულ იმერულ „მარგალიტებს“:
-„დაბლა წავედი!“
-„დაბლა არა, მასწავლებელო, ქ ვ ე მ ო თ !“
-„სკოლაში რომ მოდით“...
- „მოდით არა, მ ო ხ ვ ე დ ი თ !“
შენიშვნებს ვითვალისწინებ. მახსოვს,ერთხელ დევების
შესახებ მიამბობდნენ, ახლაც რომ ბინადრობენ ხეობის გამოქვაბულებში. გამეცინა. იწყინეს:
„ აქ თქვენი იმერეთი ხომ არ გგონიათო, აბა ის
ჭინკები რაღაა, იმერეთში რომ იციანო“.
სამართლიანად იწყინეს, ფშავში ხომ დევები მართლაც ბინადრობენ, თავად აქ წამოჭიმული
გოლიათი მთები არიან დევები, თავიანთი უზარმაზარი
ჩრდილებით ხეობას რომ აბნელებენ. იმერეთი, თავისი უთვალავი გორაკ -ბორცვებითა
და ხევებით ჭინკების სამფლობელოა, ხესა თუ ქვის ლოდს ამოფარებულნი ბასრი მზერით რომ უთვალთვალებენ გამვლელ-გამომვლელს...
* * *
თორნიკეს საქციელმა
გამაოცა. არადა, თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად
მიდიოდა. თორნიკე მეშვიდე კლასელია, ერთადერთი მოსწავლე თავის კლასში. გაკვეთილი
ათი წუთის დაწყებულიც არ იყო, რომ წყლის დასალევად გაშვება მომთხოვა. თავდაპირველად
დავიბენი, ვერ მივხვდი ნამდვილად წყურვილის მოკვლა უნდოდა თუ ჩემი გამოცდა, თან დაატანა
„მე ამის უფლება მაქვსო“... ერთი კი ცხადი იყო,
ახლა რომ გამეშვა, წავახალისებდი და შემდგომში იგივეს გაიმეორებდა.
-„თორნიკე, უფლებები არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას...
ჩვენ ყველანი გარკვეულ ვალდებულებებს ვემორჩილებით. შენც გაქვს სავალდებულო ქცევის წესები, რომელთაც უნდა დაემორჩილო...“
თვალები ჯიუტად შემომანათა, აბა ჩემს ქცევის წესებში
ეგ სად სწერიაო...
მზერა უიმედოდ მივატრიალე კედლისაკენ... „ქცევის წესებიც“ ვერაფერს მეუბნება
სანუგეშოს...
ახლა უფრო კატეგორიული გახდა, თქვენ მე ბუნებრივი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილების შესაძლებლობას მიზღუდავთ, რაც ბავშვის კანონიერი უფლებააო...
„განა
ადამიანები ნებისმიერ დროს იკმაყოფილებენ მოთხოვნილებებს?! შენ უკვე მოზარდი ხარ...“
ამ ფაქტმა ერთი ამბავი გამახსენა: პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ტრენინგებზე
ერთერთმა მონაწილემ „უდროო დროს“ წყლის მოტანა მოისურვა. ტრენერის შენიშვნაზე კი არგუმენტად
მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდა მოიყვანა: „ზედა საფეხურზე როგორ გადავალ, როცა ფიზიოლოგიური
მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ მაქვსო!“ გამწყრალმა ტრენერმა მოუჭრა: „შენ ეგ მოთხოვნილებები, აქ რომ
მოხვედი, უკვე დაკმაყოფილებული უნდა გქონდეს!“ შემდეგ უკვე მთელი ჯგუფი ავხმაურდით: „თვითრეალიზაციის
საფეხურზე ვერ გადავდივართ, რაკი საწყისი საფეხურის მოთხოვნილებები გადალახული არ გვაქვს!“
ეს პედაგოგებიც
როგორ გვანან თავიანთ აღსაზრდელებს...
ვამჯობინე
მიდგომა შემეცვალა, გაკვეთილი რა გვაქვს... არაბეთი... აჰა, უწყლო ქვეყანა....
-„თორნიკე,
წარმოსახვას მოუხმე, წარმოიდგინე რომ არაბი ხარ, შენი აქლემი ზანტად მიიწევს... წინ
ოაზისამდე კიდევ დიდი გზაა, წყლის მარაგი კი უკვე ამოგეწურა... როგორ იქცევი? უნდა
მოითმინო!“
-„მასწავლებელო,
უდაბნოში რა მესაქმება, აბა, კაცი ამ ზღაპრული ბუნებიდან უდაბნოში წავა?!“-
სიტყვას
ბანზე მიგდებს, ახლა უკვე გავცეცხლდი....
ჩიხში შესული ურთიერთობები ისევ საუბრით დავარეგულირეთ.
არა, ასეთი გაკვეთილები ჩემთვისაც გაკვეთილია...
* * *
ხეობაში ზამთარი რთულია და ხანგრძლივი. მოსწავლეებს ამინდის სირთულე არ აშინებთ და სკოლას
იშვიათად აცდენენ. გიორგი ლომნიაშვილი სოფელ გოგოლაურთადან დადიოდა შუაფხოს საჯარო
სკოლაში. ამ სოფლიდან ყოფილა ბახტრიონის ლეგენდარული გმირი გოგოლაური, ახლა კი მხოლოდ
ლომნიაშვილების ოჯახიღა ცხოვრობს. ერთი წელი ერთად გავატარეთ. შარშან დაამთავრა მეცხრე კლასი. ყოველდღიურად ხუთ კილომეტრს გადიოდა ფეხით, ხანდახან აგვიანებდა და ვსაყვედურობდით კიდეც,
თუმცა...
გიორგისთან სტუმრობის მიზეზი მათ ოჯახში დატრიალებული
ტრაგედია გახდა, დედა უბედური შემთხვევას ემსხვერპლა... ახალგაზრდა ქალი ცხენიანად გადაიჩეხა არაგვის ღრმა
ხეობაში და დაიღუპა. ტრაგედიამ მთელი ხეობა შეძრა. ოჯახს მასწავლებლებიც ვესტუმრეთ.
გზა ხანგრძლივი და ძნელად სავალი აღმოჩნდა. გზის ნახევარი ციცაბო ბილიკია, რომელიც
მთის კალთებზე მიიკლაკნება. გამაოცა გიორგის გულმოდგინებამ, წარმოვიდგინე, როგორ დადიოდა გაყინულ ბილიკებზე ზამთარში, არ ერიდებოდა უკაცრიელი
გზის სირთულეს, სკოლაში ჩამოდიოდა და კვლავ უკან ბრუნდებოდა. სასაფლაოზე ასვლაც არ
დავიზარე. ის ბევრად უფრო შორსაა, მთის მაღალ ფერდობზე. ბუნებით წყნარი ფშაველი გლოვაშიც
ჩუმია და გამოუთქმელი. დამამახსოვრდა ჩემს
წინ გადაშლილი უზარმაზარი სივრცე, ხეობის დასასრულს
რომ სწვდება... ქვემოთ, სიღრმეში ვერცხლისფრად მოელვარე მდინარე... მობიბინე ბალახებში
უპატრონოდ დარჩენილი საფლავის ქვები.... მთის კალთას შეყინული, შავითმოსილი მგლოვიარე
სილუეტები...
კარგი ბიჭია გიორგი, დიდად არ „მეცნიერობს“, თუმცა პასუხისმგებლობის
გრძნობა აქვს. ბუნებით თავისუფლებისმოყვარე, უზარმაზარ სივრცეებს შეთვისებულ მთიელებს უჭირთ, როცა მათ ჩარჩოებში აქცევენ, საყოველთაოდ
მიღებულ სტანდარტებს უწესებენ; ისეთი გარემო უნდა შეუქმნა , რომელიც მათ შინაგან ბუნებას წინ წამოსწევს, მაშინ უფრო აქტიურდებიან და საკუთარ შესაძლებლობებს
უკეთ ავლენენ. გიორგიც ასეთია, თავისებურად ნიჭიერი და საინტერესო...
პასუხისმგებლობის გრძნობა და ურთიერთპატივისცემაც
არ ნიშნავს ცოტას...
* * *
შაბათს დილით თორნიკეს ხმამ გამაღვიძა „დათო მასწავლებელო!“,
ადრე ადგომის მოყვარული არა ვარ და ზანტად წამოვდექი. საათს დავხედე: რაღა ადრე, უკვე
თერთმეტი საათია. თორნიკემ დღეს დაგეგმილი ლაშქრობა შემახსენა. დეკემბერია, თუმცა თოვლი არ დევს და მზიან ფერდობზე გასეირნებაზეც უარს არ
ვიტყვი. ნახევარი საათის შემდეგ უკვე შუაფხოს თავზე გადმოყუდებული უზარმაზარი მთის
ფერდობს შევუდექით.
დაუზარელია
თორნიკე, მის ხასიათში კარგადაა შერწყმული ბუნებრივი და რაციონალური თვისებები.
ხშირად გეკამათება, რაც მის ასაკში ბუნებრივია, თუმცა არც ეს
კამათია მოკლებული არგუმენტებს.
მთას მთაწმინდას ეძახიან, რაკი მწვერვალზე ცაბაურთის
ხატ-სალოცავია. მთის ფერდობზე სოფელი ცაბაურთაა, ამჟამად უკვე ნასოფლარი. გეზი სწორედ
იქეთ გვაქვს. ავიარეთ ტყე, ავედით ალპურ ზონაში
და ერთ საათიანი მგზავრობის შემდეგ ნელ-ნელა
მივუახლოვდით ნასოფლარს.
-„ვაჟას წინაპრებიც ამ სოფლიდან ყოფილან, მისი პაპა გადასახლდა ჩარგალში,“- მიხსნის გზადაგზა თორნიკე
-„ალბათ, დიდი ხანია უკვე აქ აღარავინ ცხოვრობს?!“
-„რამდენიმე წლის წინ ერთი ასაკოვანი კაცი ცხოვრობდა,
შემდეგ კახეთში გადასახლდა... სარწყავ არხში ჩავარდა და წყალმა დაახრჩო...“
„ზვავს გადაურჩა და წყალმა დაახრჩო,“ - გავიფიქრე და ხეობის გაღმა მხარეს შევავლე თვალი: ლამაზად მოჩქეფს თეთრახევა, ანა კალანდაძის
შთაგონების წყარო; შორს, უფრო მაღლა ერთმა მწვერვალმა მიიქცია ყურადღება, უცნაურად
რომ ამოზრდილიყო ჰორიზონტზე.
-„ეს რა მწვერვალია?“
-„მისელური.“
ვერ დავიმახსოვრე, ცოტა ხნის შემდეგ ისევ ვკითხულობ
მწვერვალის სახელს.
-„მი-სე-ლუ-რი.
ფანქარი და ბლოკნოტი თან უნდა იქონიოთ და სახელები ჩაწეროთ.“- მარიგებს.
გავიარეთ მოუვლელობით ხავსმოდებული წყარო. სოფლის შესასვლელში ადამიანის სილუეტი დავლანდე,
ახლოს რომ მივედით, საფრთხობელა აღმოჩნდა. თავზე ჩაიდანი ახურავს, ძონძებად ქცეულ ტანისამოსს
ქარი არხევს. იჭვნეულად მათვალიერებს უცხო სტუმარს, სოფლის ერთგული მცველი.
მთის ფერდობზე შეფენილა ქვის ფიქლით მშრალად ნაგები
სახლები, ახლა უკვე ჭერ-ჩაქცეული. ყველაფერი ბალახითა და შამბითაა გადავლილი, ყველაფერში იგრძნობა ადამიანის არარსებობა. აქა-იქ ტყემლის ხეები ამოზრდილა, შორიდან, თავისი ფორმით,
უფრო ბუჩქს რომ მოგაგონებენ. აქა-იქ კიდევ
შერჩენიათ ნაყოფი. დეკემბრის მზის უძლურებით შემჭკნარი მაინც მემჟავა...
ტყემლის ხეებმა ერთი სახალისო ისტორია გამახსენა. ერთ
ხოშარელ ქალს წაწალი სტუმრობდა, ხეობის გაღმა სოფლიდან - ჭიჩოდან. ქალის ძმებმა არასასურველი
სტუმარი შეიპყრეს, მაგრად სცემეს, შემდეგ კი სახლთან ახლოს, ტყემლის ხეზე მიაბეს. ეს
ამბავი ენამოსწრებულმა ფშავლებმა ლექსად გამოთქვეს:
„ჯაბანი მინდოდაური ხოშარელებსა ბრიყვობსა:
ხოშარით ტყემალნ დასწვადნა - იქნებ ხილ გაჩნდეს ჭიჩოსა,
თან უკან იხედებოდა, არავინ დამიხლიჩოსა...“
მართლაც, რაკი ჭიჩოელს თავი ვერ დაუხსნია, ღამით ტყემლის
ხე მოუთხრია და თავის სოფელში წაუღია...
ეტყობა
იმასაც ემჟავა...
სინტერესოა
ვაჟასთან დაკავშირებული ისტორიაც: რომ წაწალთან მიმავალი პოეტი ქალის ახლობლებმა სცემეს,
უკან დაბრუნებულმა „ფრთამოტეხილმა არწივმა“
ლექსით გააქილიკა ჯარად მისეული „ყვავ-ყორნები“; დღეს კიდევ სკოლაში როგორი გულმოდგინებით
ასწავლიან: ვაჟამ არწივში საქართველო იგულისხმაო
და ყვავ-ყორანში მტერი, საქართველოს რომ გარს
ეხვეოდა ...
სოფლის განაპირას
ხატის საბრძანისია, უზარმაზარი კაკლის ხეებით დაჩრდილული ადგილი. აქ არის მოთავსებული ხატის ნიში, საზარეები, ბეღელი. რიტუალიური
ნაგებობებიც ქვის ფიქლითაა ნაგები და თავისი იარუსიანი სახურავებით უფრო აზიურ პაგოდებს
მოგვაგონებს, ვიდრე ქრისტიანულ სალოცავებს. საერთოდ ხატებთან დაკავშირებული კულტი წინაქრისტიანული გადმონაშთია და ასეთი რელიგიური წარმოდგენები მთისათვისაა დამახასიათებელი.
დღეს ის ყველაზე მტკიცედ ფშავშია დაცული.
ლამაზი და
საინტერესო სანახაობაა ხატობაა, განსაკუთრებით უცხო თვალისათვის. ხევისბრის მიერ აღვლენილი ლოცვა-სადიდებელი,
თავჩახრილი მლოცველებისა კრძალვა, ღრეობაში გადასული ლხინი, ერთგვარი მისტიკაა,
წარსულიდან გადმოტანილი. მსხვერპლთშეწირვა აუცილებელი და გარდაუვალი ნაწილია ამ რიტუალისა... შემეცოდნენ მწვანე მდელოზე
გაწოლილი, ყელგამოღადრული ბატკნები, კაცის მიერ უზენაესისადმი სავედრებლად მიყვანილნი,
თავადაც რომ ვედრება შერჩენოდათ ცისაკენ აღპყრობილ, გაყინულ თვალებში...
მახსოვს, ერთხელ თორნიკემ გზაზე ფარას ჩამორჩენილი ბატკანი იპოვნა და მითხრა: „ხატს შევწირავ, მადლია, თორე უპატრონოს მგლები შესჭამდნენ!“
გამიკვირდა: „განა ბატკნისთვის ერთი არ არის: მგლის
არჩივი გახდება თუ კაცისა?!“
„ეჰ, მასწავლებელო, როგორ არ გესმით?! ხატისთვის შეწირული
ცოდო არ არის, პირიქით-მადლია. არ გინახავთ სურათი, იესო ქრისტეს რომ მხარზე ბატკანი
მოუგდია და მიჰყავს?!“
გამახსენდა სახარებისეული იგავი: მარადიული მწყემსი
კვლავ თავის სამწყსოში აბრუნებს გზააბნეულ
ბატკანს...
ყველას ჩვენებურად გვესმის...
სოფელს მზის ჩასვლისას გამოვემშვიდობეთ. საფრთხობელამ
ისევ მზერა გამომაყოლა, ამჯერად უკვე ნაღვლიანი,
უსასრულო მარტოობით გაბეზრებული...
მთები ისევ ძველებურად დგანან, მშვიდად და უდრტვინველად...
დგანან და ელიან....
* * *
შუაფხოში თებერვლის თვე გამორჩეულია: ჩვენს საცხოვრებელს ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ პირველად ესტუმრა მზე... ფშავის არაგვის ხეობა ვიწრო და ღრმაა. შემოდგომიდან მზე ნელ-ნელა კრებს თავის ცხოველმყოფელ სხივებს,
მისი ნათება თანდათან სუსტდება, ოქტომბრის
ბოლოდან კი ხეობის ნახევარში სულ იკარგება
და სამი თვით შეუცილებლად ისადგურებს თოვლი და ყინვა. თებერვლის მზეს მოაქვს თავისი სითბო, იმედი,სიცოცხლის, განახლებისაკენ
სწრაფვის სურვილი.
სკოლა სამზეოშია,
ანუ „პირმზითში“, ჩვენ კი უმზეო მხარეს ვბინადრობთ, მასწავლებელთა სახლში. ჩემთვის
დათმობილი ფართი ჩემი ძალითა და მოსწავლეების დახმარებით მოვაწესრიგე: შევღებეთ იატაკი,
კედელზე შპალერი გავაკარით.... „ საჩვენებლად ნაკეთები“ ცოტა ხანში ჩამოვარდა. თავის
მართლება ხუმრობით ვცადე: „ასეა, კაცმა საქმე სანახევროდ უნდა აკეთოს, რომ სამუშაო
მუდამ ჰქონდეს მეთქი...“
არა, საქმეს
სანახევროდ არ ვაკეთებთ...
13.02. 2013 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий