6 мая 2017 г.

"სასწავლო რესურსების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში" - ლალი დავითაძე

     

 სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით. სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის. 
      სასწავლო პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ამავე დროს, უნდა იყოს საინტერესო, სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი. მასწავლებელს სჭირდება ისეთი სასწავლო რესურსი, რომელიც მოსწავლეებს მისცემს მასალაში ჩაღრმავების საშუალებას.   
   საგანმანათლებლო რესურსი შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც მასწავლებელს ეფექტიანი გაკვეთილის ჩატარებაში დაეხმარება. მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს არსებული საგნობრივი სტანდარტით, პროგრამის შინაარსით და მასზე დაყრდნობით თავად უნდა მოიძიოს და მოამზადოს სასწავლო რესურსები.
      როდესაც  სასწავლო რესურსებზე ვსაუბრობთ, საგაკვეთილო პროცესში განსაკუთრებული როლი უკავია  ვიზუალურ მხარეს, ვინაიდან მოსწავლეებისთვის უფრო მარტივია თვალით ნანახის დამახსოვრება და სწავლა. ვიზუალურ მხარეში იგულისხმება სურათები, რომელიც გარკვეულ ფრაზებს გამოხატავენ: რუკები, ანიმაციები, სიტყვები, რომლებიც გამოსახულია ნახატის სახით. მაგალითად: ცხოველები, ფრინველები და ..
      რესურსების მოძიება დღეს დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს, რადგან საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით შეგვიძლია მოვიძიოთ ის დამატებითი ინფორმაცია და მასალები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საგაკვეთილო პროცესში.  ინტერნეტი დღეს უკვე ხელმისაწვდომია ყველასათვის და მოსწავლეებსაც შეუძლიათ მოიძიონ მრავალფეროვანი მასალა ამა თუ იმ საკითხზე. ამ დროს სწავლაც უფრო სახალისო ხდება, რაც  თავის მხრივ ხელს უწყობს მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას და მათში მოტივაციის გაზრდას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში.
     ისტ-ის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი გაკვეთილების ჩატარებისას, როცა დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე ვიზუალურ საშუალებებს, რათა მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო გავხადოთ სიტყვები, რომელსაც  შევისწავლით ან რაღაც შემთხვევა, რომელსაც რომელიმე გამოთქმით აღვწერთ. მაგალითად: ანიმაციების ჩვენება შემდეგ თემებზე: ლონდონი და მისი ღირსშესანიშნაობები. მოძიებული ანიმაცია  ეხმარება მოსწავლეს შესასწავლი მასალის განმტკიცებასა  და მოსმენის უნარის განვითარებაში, ასევე გაკვეთილიც უფრო საინტერესო  გამოდის.
       როდესაც ბავშვები პირველად იწყებენ ინგლისური ენის შესწავლას და ქართული ანბანიც არა აქვთ ნასწავლი, პირველ ეტაპზე რთულია მათთვის წერისა და კითხვის სწავლა უცხო ენაზე, ამიტომ ვიწყებთ ზეპირად მარტივი სიტყვებისა და ფრაზების შესწავლას, საამისოდ კი საუკეთესო რესურსია სურათების ჩვენებარაც ეხმარება ბავშვებს სიტყვებისა და ფრაზების აღქმაში.
       როგორც ვიცით, სწავლის ყოველდღიური რუტინა საკმაოდ დამღლელია და  ზოგჯერ  განტვირთვისთვის შეგვიძლია შევთავაზოთ მათ  სახალისო აქტივობებიც, როგორიცაა ინგლისური საბავშვო სიმღერები, რაც ძალიან  ახალისებთ ბავშვებს და სიამოვნებით სწავლობენ სიმღერებს ისეთი ბავშვებიც კი, რომლებიც ზოგადად არ გამოირჩევიან საშუალო აკადემიური მიღწევებითაც, ეს მაგალითი ჩემი საკუთარი პრაქტიკიდან მოვიყვანე. ამავე დროს  ამ ხერხით ბავშვებში იზრდება სწავლის მოტივაცია და გამოუმუშავდებათ ინგლისურად მოსმენის და საუბრის უნარი.
     როგორც ვხედავთ, გამოიკვეთა ორი ძალიან მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი: თვალსაჩინოებები და ციფრული ტექნოლოგია, რომელზეც გავამახვილებ ყურადღებას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენი სასწავლო რესურსები (როგორიცაა სახელმძღვანელოები, ბიბლიოთეკა, თეატრი და ასე შემდეგ) ნაკლებად მნიშვნელოვანია.               ეს ორი რესურსი თავის მხვრივ შედის გამჭოლ კომპეტენციებში: სემიოტიკურ კომპეტენციასა და ციფრულ წიგნიერებაში.
     ციფრულ წიგნიერებაში შეგვიძლია გავაერთიანოთ უამრავი ინტერნეტ რესურსი, დამატებითი ლიტერატურა, საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები, ვიდეოების და ფილმების ჩვენება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით და ..ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში.
     მიმდინარე სასწავლო წელს ჩავატარე საჩვენებელი გაკვეთილი მეშვიდე კლასში. გაკვეთილის თემა იყო გამოგონებები (კომპასი და შავი დენთი). გაკვეთილი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო გამოვიდა, რასაც ხელი შეუწყო სხვასხვა სასწავლო რესურსების გამოყენებამ.
     საგაკვეთილო პროცესში აქტიური მონაწილეობა მოსწავლეთათვის გაცილებით ბუნებრივია, ვიდრე წყნარად ჯდომა და მოსმენა, შესაბამისად ლექციის ტიპის მეთოდით ჩატარებული გაკვეთილის დროს მოსწავლეები მოდუნდებიან და უინტერესო, რუტინული გაკვეთილი გამოვა. ამიტომ  შესასწავლი თემის ,,კომპასისა და შავი დენთის“  ახსნის დროს ვაჩვენე მათ ძველებური სტილის კომპასების სურათები და თანამედროვეც, რომელიც უკვე შესაძლებელია ტელეფონში ჩამოტვირთო, როგორც აპლიკაცია და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენო. ბავშვებს ვთხოვე ტექსტი წაეკითხათ და პარალელურად ახალი სიტყვები მოენიშნათ. ტექტის წაკითხვის შემდეგ ბავშვებს მოვასმენინე მოცემული ტექსტი, რათა უკეთესად აღექვათ და გაეგოთ მასალა. ამ აქტივობამ ბავშვებში განავითარა ინგლისურად მოსმენის უნარი. იმისათვის რომ გაკვეთილი  მრავალფეროვანი გამოსულიყო ერთ აქტივობაზე აღარ შევჩერდით. მომდევნო აქტივობა იყო წყვილებში სამუშაო. ბავშვებს უნდა შეედგინათ ახალი სიტყვების გამოყენებით წინადადებები. ამ დავალების შესრულების შემდეგ ვაჩვენე ჩემ მიერ მოძიებული ვიდეო, სადაც იყო საუბარი შავი დენთის შესახებ, რითაც ბავშვებში გამოვიწვიე ინტერესი. აქ გამოიკვეთა ინტერნეტრესურსის როლი საგაკვეთილო პროცესში. ბავშვებს ვთხოვე ყურადღებით მოესმინათ ვიდეო მასალისთვის, რათა შემდეგ შეძლებოდათ გაგებულის გადმოცემა. ბავშვებმა შეძლეს მოსმენილი ვიდეო მასალის მეტნაკლებად გადმოცემა ინგლისურ ენაზე. ამიტომ, ვფიქრობ, ამ ტიპის აქტივობის სისტემატური გამოყენება კარგ შედეგებს მოგვცემს საბოლოოდ. ვიდეოში იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოიგონეს ჩინეთში შავი დენთი. გაკვეთილის დასკვნით ნაწილში თითოეულ მოსწავლეს გავუკეთე განმავითარებელი შეფასება, მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად არის შესაძლებელი სწავლის შედეგების გაუმჯობესება.
    ამრიგად, გაკვეთილზე ჩემ მიერ გამოყენებულმა აქტივობებმა გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, უზრუნველყო მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში,  რაშიც  დიდი გავლენა იქონია  მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების გამოყენებამ.
    ასევე მინდა ვისაუბრო ზოგადად ციფრული წიგნიერების როლზე, საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე. მეორე სემესტრის დასაწყისში მეშვიდე კლასში ერთ-ერთი გაკვეთილის თემა იყო  „Old customes in the modern world  (ძველი ტანისამოსი თანამედროვე მსოფლიოში). ბავშვებს ვთხოვე მოეძიათ დამატებითი ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით და წარმოედგინათ პრეზენტაციები. სამწუხაროდ, ინტერნეტ რესურსი მაღალმთიან სოფელში არც ისე დიდი ფუფუნებაა, ამიტომ ყველა ბავშვმა ვერ შეძლო მოცემული დავალების შესრულება. თუმცაღა ერთერთმა ბავშვმა, რომელიც კლასში ყველაზე აქტიურია, შეძლო გაეკეთებინა  პრეზენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მსგავს პროგრამებს ნაკლებად ფლობენ, მშვენიერი პრეზენტაცია გამოვიდა. დავალების შესრულების დროს მან გამოიყენა ინტერნეტი, დამატებითი ინფორმაციისა  და შესაბამისი სურათებისა თუ ანიმაციების მოსაძიებლად. შემდეგ მასალა დაამუშავა და წარმოადგინა PowerPoint-ში, რისთვისაც მაღალი განმსაზღვრელი შეფასება დაიმსახურა. შედეგად გაკვეთილი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. პრეზენტაციის დროს ბავშვს ეძლევა თავისუფლება თავისი მაქსიმუმი აჩვენოს, რითაც ის მეტად თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ხდება. ის უფრო მნიშვნელოვან პიროვნებად გრძნობს თავს პრეზენტაციის წარდგენისას, ვინაიდან აუდიტორიის ყურადღება ამ დროს მხოლოდ მისკენაა მიპყრობილი და თითოეული თავისი მიხვრა-მოხვრა თუ საუბრის მანერა აჩვენებს მსმენელს, თუ რამდენად არის რეალიზებული იგი ამა თუ იმ საკითხის შესახებ.
            ჩემი მიზანია მოზარდის ყურადღება მუდმივად წარვმართო მათთვის სასარგებლო საქმეზე: ცოდნის მიღებასა და გამოყენებაზე, რომ გაიზარდოს მოტივირებული, მაღალი თვითშეფასების მქონე დამოუკიდებელი პიროვნება, რომელიც შეძლებს ცხოვრებაში წამოჭრილი ამოცანებისა და სირთულეების გამკლავებას და საკუთარი თავის რეალიზებას საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ თითოეული მასწავლებლის ვალია ასწავლოს ბავშვს  სწორი გზა  ნათელი და წარმატებული მომავლისაკენ.
      
  გამოყენებული ლიტერატურა:
1. განვითარებისა და სწავლების თეორიები
2. მასწავლებლის სახელმძღვანელო
3. სწავლება და შეფასება


ლალი დავითაძე
შუახევის მუნიც. სოფ. კვიახიძეების საჯარო სკოლის პედაგოგი
პროგრამა "ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის"


Комментариев нет:

Отправить комментарий